მდგრადი განვითარება - ისტორიული მიმოხილვა
მდგრადი განვითარება დღესდღეობით გახდა ფუნდამენტური სტრატეგია მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესის წარმართვისთვის და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თითქმის ყველა დარგში. მდგრადი განვითარების აქტუალურობა 21-ე საუკუნეში და მისი მიღწევები უკავშირდება საკმაოდ გრძელვადიან პროცესს. ამ პროცესში ეტაპობრივად იცვლებოდა დამოკიდებულება და ცნობიერება საზოგადოების, სახელმწიფოს თუ ბიზნეს სექტორის მხრიდან. ამ სტატიაში განვიხილავთ მნიშვნელოვან თარიღებს და მოვლენებს მდგრადი განვითარების სფეროში, რომლებმაც გარდამტეხი როლი ითამაშა მის ფორმირებაში.
მდგრადი განვითარება ადრეულ პერიოდში
ტერმინის „მდგრადი განვითარება“ ისტორიული ფესვები იწყება 1713 წელს, როდესაც დაიწერა გერმანული სატყეო ცნობარი, სადაც პირველად იქნა გამოყენებული სიტყვა: Nachhaltigkeit, რაც ინგლისურად ითარგმნება, როგორც sustained yield (შენარჩუნებული მოსავალი). ტერმინი გულისხმობს იმ პრაქტიკის შემოღებას, რომლითაც მოიჭრებოდა გარკვეული რაოდენობის ხე, რაც მომავალში ხელს არ შეუშლიდა ტყის რეგენერაციას. აღნიშნული ტერმინი მხოლოდ 100 წლის შემდეგ დამკვიდრდა ინგლისურ სატყეო ცნობარში, თუმცა ის უკვე მოიცავდა არა მხოლოდ ხეების დაცვას, არამედ ტყის, როგორც ერთიანი სისტემის, შენარჩუნებას თავისი ფლორითა და ფაუნით.
1968 წელს ეკოლოგმა და ფილოსოფოსმა გარეტ ჰარდინმა დაწერა ესსე „საერთო რესურსების ტრაგედია“, სადაც აღნიშნა ინდივიდუალური ქმედებების საფრთხე საერთო რესურსების ამოწურვის კუთხით. ჰარდინი მიიჩნევდა, რომ ადამიანების ულიმიტო მოხმარებისკენ მისწრაფება საბოლოოდ გამოიწვევდა დედამიწის რესურსების ჭარბ მოპოვებას. ჰარდინის ესსეს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 1972 წელს, რომის კლუბის მხარდაჭერით შეიქმნა კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც ასახავდა რეალობას შეზღუდული ბუნებრივი რესურსებით. სიმულაცია მოიცავდა 5 განზომილებას: მსოფლიო მოსახლეობის ზრდა, ინდუსტრიალიზაცია, დაბინძურება, საკვების წარმოება და არაგანახლებადი რესურსების ამოწურვა. საბოლოო სცენარის მიხედვით, სოციალური და ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალი იქნება 21-ე საუკუნის დასასრულისთვის.
ჯერ კიდევ 1970 წელს, ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი ამბობდა, რომ ბიზნესის მხოლოდ ერთი სოციალური პასუხისმგებლობა არსებობს: გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ისე, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს, და რაც მთავარია, დარჩეს საკანონმდებლო ჩარჩოში. სამწუხაროდ, სწორედ ეს შეხედულება დაედო საფუძვლად ბიზნესის განვითარებას მე-20 საუკუნის ბოლოს და რიგ შემთხვევებში, ახლაც სწორედ ასე გრძელდება. რეალურად კი დღეს განვითარებულ სამყაროში არსებული ყველა კომპანია თანხმდება ერთ საკითხზე: ბიზნესის პასუხისმგებლობა მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღება არ არის!
საერთო რესურსების ტრაგედია (The Limits to growth)
1972 წელს რომის კლუბის მხარდაჭერით გამოიცა ანგარიში „ზრდის შეზღუდვები“ (The Limits to growth). ამ პროცესში 17 მეცნიერი იყო ჩართული, მათ შორის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევრები, ცოლ-ქმარი – დონელა და დენის მიდოუები, რომელთაც შექმნეს კომპიუტერული მოდელი World3 რომლის მიზანი საკმაოდ ამბიციური იყო. ჯგუფმა გამოიკვლია ინდუსტრიალიზაცია, მოსახლეობა, საკვები, რესურსების მოხმარება და დაბინძურება. მათ შეძლეს 1970 წლამდე არსებული მონაცემების მოდელირება და შექმნეს რამდენიმე სცენარი 2100 წლისთვის. სცენარები განსხვავდებოდა იმის მიხედვით, შეცვლიდნენ თუ არა ადამიანები საკუთარი დამოკიდებულებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები გააგრძელებენ გარემოს უგულებელყოფას და რესურსების ჭარბ მოხმარებას, მოდელის მიხედვით, 2070 წლისთვის ეკონომიკა, გარემო და მოსახლეობა გადაიტვირთება და „ჩამოიშლება“. ამ სცენარს დაერქვა “business-as-usual scenario”, ანუ საქმიანობის ტრადიციული გზით გაგრძელების სცენარი. წიგნის ცენტრალური იდეა არის ის, რომ დედამიწა განსაზღვრულია და მოსახლეობის ზრდისკენ, რესურსების ჭარბი მოხმარებისკენ, წარმოებისკენ დ ა.შ. სწრაფვა საბოლოოდ მის განადგურებას გამოიწვევს.
მდგრადი განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი იყო 1972 წელი, როდესაც სტოკჰოლმში ჩატარდა გაეროს პირველი კონფერენცია გარემოსა და მდგრად განვითარებაზე. კონფერენციაზე შეიკრიბნენ მსოფლიო ლიდერები, რათა განეხილათ ადამიანთა გავლენა გარემოზე და მის მიერ გამოწვეული შედეგები ეკონომიკურ განვითარებაში. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ ძირითადი პრინციპების პოვნა, რომლებიც უბიძგებდა მსოფლიო მოსახლეობას საკუთარი გარემოს დაცვისკენ. სტოკჰოლმის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (United Nations Environment Programme, UNEP) შექმნა.
ბრუნდტლენდის ანგარიში
1987 წელს გამოიცა ბრუნდტლენდის ანგარიში, რომელიც ცნობილია, როგორც “ჩვენი საერთო მომავალი” (Our Common Future). რეპორტი გამოიცა გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ (WCED) და სახელი დაერქვა კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, გრო ჰარლემ ბრუნდტლენდის საპატივსაცემოდ. ანგარიშში პირველად განიმარტა მდგრადი განვითარება ოფიციალურად და ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა მდგრადი განვითარების დღეს არსებულ აღქმას. ბრუნდტლენდის ანგარიშის მიხედვით, მდგრადი განვითარება არის განვითარება, რომლის დროსაც ამჟამინდელი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება მომავალი თაობების მიერ, საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების უნარის რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების დღეს არსებული აღქმა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ორგანიზებას იმგვარად, რომ შეძლოს გრძელვადიან პერიოდში არსებობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვით, ასევე, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა/შენარჩუნებით, ეფუძნება სწორედ ბრუნდტლენდის ანგარიშის განმარტებას.
ბრუნდტლენდის რეპორტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: sustainabledevelopment.un.org/
1988 წელი – კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
ცნობიერების გაზრდამ იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ პლანეტაზე და ადამიანის სიცოცხლეზე, განაპირობა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCCC) შექმნა.
როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში 43/53 არის აღნიშნული, კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მიზანია ყოვლისმომცველი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ არსებულ მეცნიერულ ცოდნაზე, კლიმატის ცვლილების სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე, აგრეთვე, სტრატეგიებსა და იმ პოტენციურ ელემენტებზე, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლებელია კლიმატის ცვლილების სამომავლო კონვენციებში.
1998 წლიდან დღემდე კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მიერ მომზადებულია შეფასების 5 ციკლი და 5 ანგარიში, რომლებიც წარმოადგენს მსოფლიოში ყოვლისმომცველ სამეცნიერო დოკუმენტებს კლიმატის ცვლილების მიმართულებით.
Business Sustainability 1.0
ჯერ კიდევ 1994 წლამდე, მდგრადი მენეჯმენტის დამკვიდრების საწყის ფაზაში, ბიზნესს ჰქონდა სურვილი, გამკლავებოდა მის წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, ბიზნესი იყო ისევ ეკონომიკურ წარმატებაზე ორიენტირებული. უმეტეს შემთხვევაში, ეს იწყებოდა კომპანიის მიერ იმის გააზრებით, რომ მდგრადი მენეჯმენტი ამცირებდა ხარჯებს, რისკებს ფინანსურ ბაზრებზე, ან ზრდიდა მათ რეპუტაციას სამუშაო ბაზარზე და პროდუქციის ბაზარზე მათ განსხვავებებს წარმოაჩენდა, თუ, რა თქმა უნდა, მდგრადი განვითარების საკითხები აქტიურად და წარმატებით იყო მიწოდებული. მდგრადი მენეჯმენტის გაგება, ამ შემთხვევაში, ითვალისწინებდა მოგების მაქსიმიზაციას, თუმცა, ეკონომიკური, ეკოლოგიური და საზოგადოებრივი შესაძლებლობებისა და რისკების მართვით. ამას შეიძლება ვუწოდოთ “Business Sustainability 1.0” (ბიზნესის მდგრადობა 1.0), და აქ იგულისხმება CSR-ი ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (იხილეთ მეტი შემდეგ სტატიაში: ბიზნეს მდგრადობის კონცეფციის ისტორიული განვითარება).
Business Sustainability 2.0
1994 წელი იყო გარდამტეხი მდგრადი ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ამ წელს ჯონ ელკინტონმა შემოგვთავაზა მოდელი, სადაც ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მიზნები ერთდროულად არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი. ეს უკავშირდება “three-dimensional value creation” ან the “triple bottom line”-ს (ანუ, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთმნიშვნელოვნების აღიარებას). ამ მიზნის მისაღწევად ბიზნესმა განახორციელა მდგრადი განვითარების სხვადასხვა სტრატეგია და გეგმა. ამავე დროს, შეინიშნება ამ მოდელის ბიზნეს პროცესებში ინტეგრირების მზარდი ტენდენცია. აღნიშნულ ფაზაში უკვე აღარ არსებობს კონკრეტული პოზიცია ან სამსახური, რომელიც მდგრად განვითარებაზე მუშაობს, არამედ, ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება, სწორედ, ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და ყოველი სამსახური თუ დეპარტამენტი მდგრადი განვითარების ინტეგრირებას ახორციელებს მათ მიზნებში. ამ გაგებას ჩვენ დავარქვათ: “Business Sustainability 2.0” or “managing for the triple bottom-line”.
კიოტოს ოქმი
კიოტოს ოქმი მიღებულ იქნა იაპონიის ქალაქ კიოტოში 1997 წლის 11 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალს. ოქმის განხორციელების დეტალური წესები დადგინდა 2001 წელს მაროკოში, კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის მე-7 სესიაზე და ცნობილია მარაკეშის შეთანხმების სახელით. კიოტოს ოქმს საქართველო 1999 წლის ივნისში შეუერთდა. კიოტოს ოქმი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმებაა. ოქმის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დასტაბილურება ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება. იმის აღიარებით, რომ სათბურის აირების არსებულ მაღალ დონეებზე უმთავრესად პასუხისმგებელნი არიან განვითარებული ქვეყნები, 150-წლიანი აქტიური სამრეწველო საქმიანობის გამო, ოქმი მათ „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპიდან” გამომდინარე, ვალდებულებებს აკისრებს. კიოტოს ოქმი ბუნებრივ გარემოსთან მიმართებით ერთადერთი რეალურად მოქმედი მექანიზმი – ჩარჩო დოკუმენტია იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც მიმართულია ატმოსფეროში ადამიანის მოქმედების შედეგად მოხვედრილი ნახშირორჟანგის მოცულობის სტაბილიზაციისა და შემცირებისკენ.
გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია
2000 წლის 8 სექტემბრის გაეროს მე-8 პლენალურ სხდომაზე, ნიუ იორკში, 147 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა მიიღეს “გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია”. მასში ჩამოყალიბებულია მსოფლიოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხები, აგრეთვე, წარმოდგენილია გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის პრინციპები.
დეკლარაციაში განსაზღვრულია ათასწლეულის განვითარების მიზნები:
- უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
- დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა;
- გენდერული თანასწორობა;
- ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
- დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- აივ/შიდსთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
- ეკოლოგიური მდგრადობა;
- მსოფლიო თანამშრომლობა განვითარებისათვის.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact)
გაეროს 2000 წლის გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმება ბიზნესს მოუწოდებს, რომ:
(1) პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში. გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
(2) ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.
იოჰანესბურგის 2002 წლის სამიტი
იოჰანესბურგის 2002 წლის სამიტი – მსოფლიო სამიტი მდგრადი განვითარების შესახებ – აერთიანებდა ათიათასობით მონაწილეს, მათ შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს, ეროვნულ დელეგატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ბიზნესებსა და სხვა მნიშვნელოვან ჯგუფებს, რათა ყურადღება გაემახვილებინათ მსოფლიოში არსებულ რთულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, როგორიცაა ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მოსახლეობის ზრდის, საკვებსა და წყალზე, თავშესაფარზე, სანიტარიაზე, ენერგეტიკაზე, ჯანმრთელობის სერვისებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის პირობებში.
ბიომრავალფეროვნების საკითხები
2010 წელს ნაგოიაში (იაპონია) ჩატარდა COP10 (მხარეთა კონფერენცია 10) ბიომრავალფეროვნების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ნაგოიას ოქმი , რომელიც ეხება გენეტიკურ რესურსებზე დაშვებას და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას.
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)
2012 წლის 20-22 ივნისს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, ჩატარდა გაეროს მდგრადი განვითარების კონფერენცია – Rio+20. მას შედეგად მოჰყვა პოლიტიკური შედეგების დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მკაფიო და პრაქტიკულ ნაბიჯებს მდგრადი განვითარების მისაღწევად. სწორედ ამ კონფერენციაზე დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შემუშავების პროცესი. აღნიშნული უნდა ყოფილიყო ათასწლეულის განვითარების მიზნების ბუნებრივი და ბევრად ეფექტური გაგრძელება. ამავე კონფერენციაზე მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით.
სწორედ 2012 წლის გაეროს მდგრადი განვითარების კონფერენცია – Rio+20-ზე ჩამოყალიბდა უმაღლესი რანგის პოლიტიკური ფორუმი მდგრადი განვითარებისთვის (High-level Political Forum on Sustainable Development (HLPF), რომელიც პირველად 2013 წლის 24 სექტემბერს შეიკრიბა. აღნიშნულმა ჩაანაცვლა 1993 წლიდან არსებული მდგრადი განვითარების კომისია. სწორედ 2013 წლიდან, ყოველი წლის სექტემბერში ტარდება აღნიშნული შეხვედრა.
2012 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა კონსულტაციები გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესამუშავებლად. ამ პერიოდში:
- 4 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: MyWorld;
- 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი კონსულტაციები;
- 7.3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი გლობალური მიზნების პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით;
- ჩატარდა 11 გლობალური თემატიკის კონსულტაცია;
- გაერთიანებული ერების 32 ქვეორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში;
აღნიშნული მაღალი ჩართულობა მიზნად ისახავდა, მდგრადი განვითარების მიზნების თითოეული ადამიანის, ბიზნესისა და მთავრობისთვის პრიორიტეტად ქცევას.
2015 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ იორკში (აშშ) და შეთანხმდნენ მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის – მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ. განვითარების ახალი დღის წესრიგი მოიცავს 17 გლობალურ მიზანს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე – 2016 წლიდან 2030 წლამდე.
პარიზის შეთანხმება
პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში 2016 წლის 22 აპრილს მიიღეს პარიზის შეთანხმება. პარიზის შეთანხმება, რომელსაც 200-მდე ქვეყანა უერთდება, გლობალური ძალისხმევაა „სათბურის ეფექტის“ შესაჩერებლად, რაც ადამიანის საქმიანობის შედეგად „სათბურის გაზების“ ემისიებმა და, შესაბამისად, ატმოსფეროში მათმა ჭარბმა კონცენტრაციამ გამოიწვია. პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას, მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ ძალისხმევის მიმართვას. ასევე, იგი მოიაზრებს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას.
პარიზის შეთანხმების მიზანია 2030 წლისთვის გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 °C-მდე შეზღუდვა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, აგრეთვე, ხელშეკრულებაში აღნიშნულია ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვის მცდელობაც.
მწვანე შეთანხმება
ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია, როგორც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე პლანეტის დაცვის საქმეში. 2019 წლის დეკემბერში წარდგენილი ახალი “მწვანე შეთანხმების” ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირი აპირებს, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი და 2050 წლისთვის გახდეს პირველი კლიმატ-ნეიტრალური კონტინენტი, სადაც:
1) 2050 წლისთვის აღარ მოხდება სათბურის აირების გაფრქვევა;
2) ეკონომიკური ზრდა არ იქნება დამოკიდებული რესურსების მოხმარებაზე;
3) არცერთი ქვეყნა და არცერთი ადამიანი არ დარჩება ამ ინიციატივის მიღმა;
მდგრადი განვითარების ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვასთან ერთად, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ იგი უმეტესწილად ორიენტირებულია მომავალზე და მსოფლიოს წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა დგას. აღნიშნული პრობლემები მოითხოვს სახელმწიფოების, საზოგადოებისა და სხვადასხვა ინსტიტუტის კოორდინირებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. მდგრადი განვითარების ისტორია იწერება დღეს და თითოეულ მხარეს შეუძლია, შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი მდგრადი მომავლის შენებაში.